ბორის შაპოშნიკოვი

ბორის შაპოშნიკოვი

ბორის მიხაილის ძე შაპოშნიკოვი (რუს. Борис Михайлович Шапошников; დ. 2 ოქტომბერი, 1882, ზლატოუსტი, რუსეთის იმპერია — გ. 26 მარტი 1945, მოსკოვი, სსრკ) — რუსი საბჭოთა სამხედრო მოღვაწე და თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის მარშალი.

ბიოგრაფია

1901–1903 წლებში სწავლობდა მოსკოვის ალექსეის სამხედრო სასწავლებელში. 1903–1907 წლებში მსახურობდა თურქესტანის მსროლელ ბატალიონში, ნახევარასეულის მეთაურის თანამდებობაზე. 1907–1910 წლებში სწავლობდა გენერალური შტაბის აკადემიაში. მისი დასრულების შემდეგ იღებს შტაბს კაპიტნის წოდებას. 1912 წელს ინიშნება მე-14 საკავალერიო დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას იბრძვის დასავლეთის ფრონტზე. 1915 წლის იანვარ-ნოემბერში მე-12 არმიის შტაბის დაზვერვის განყოფილების უფროსი ადიუტანტის თანაშემწეა, შემდეგ ცალკეული შერეული კაზაკთა ბრიგადის შტაბის უფროსი. 1917 წლიდან ინიშნება მეგრული გრენადერთა პოლკის მეთაურად და ენიჭება პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. იმავე წლის ნოემბრიდან სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის დელეგატთა ყრილობის გადაწყვეტილებით ინიშნება კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაურად. 1918 წლის 22 მაისიდან წითელი არიმიის რიგებშია, მსახურობს სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე. რუსეთის სამოქალაქო ომის მსვლელობისას ძირითადად საშტაბო სამუშაოზეა. ამუშავებდა ფრონტებისა და არმიებისადმი დაგზავნილ დირექტივებს. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 1925–1927 წლებში ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარდალია, შემდეგ მოსკოვის ოლქისა. 1928–1931 წლებში წითელი არმიის შტაბის უფროსია. 1930 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრია. 1932–1935 წლებში ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის უფროსია. 1937 წლის 10 მაისს ინიშნება წითელი არმიის გენშტაბის უფროსად. 1940 წლის 7 მაისს ენიჭება საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება. 1939 წლის 10 მაისიდან 1941 წლის 9 აპრილამდე საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომიტეტის წევრია. 1941 წლის 29 ივლისს ისევ ინიშნება წითელი არმიის გენშტაბის უფროსად. თანამდებობიდან მოხსნეს გერმანელების მიერ ყირიმის ფრონტის განადგურების გამო 1942 წლის 11 მაისს. 1942 წლის მაისიდან 1943 წლის ივნისამდე საბჭოთა კავშირის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეა, შემდეგ ინიშნება გენშტაბის სამხედრო აკადემიის უფროსად. გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.

ლიტერატურა