ერედა (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი
ერედა

ერედის წმ. გიორგის სახ. ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი წილკანი
კოორდინატები 41°58′11″ ჩ. გ. 44°37′52″ ა. გ. / 41.96972° ჩ. გ. 44.63111° ა. გ. / 41.96972; 44.63111
ცენტრის სიმაღლე 660
მოსახლეობა 510[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ერედა (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ერედა (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ერედა (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ერედა (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ერედა (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთის მუნიციპალიტეტი
ერედა (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

ერედასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში (წილკნის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

ერედა მდებარეობს მდ. ერედისხევის (ნარეკვავის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 660 მ-ზე. ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 14 კმ-ით.

ისტორია

სოფლის ძველი სახელწოდებაა ყურისუბანი. ამ სახელით მოხსენიებულია 1392 წლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. ყურისუბანი ქართლის მეფე სვიმონ I-ს თავისი ძმის, ვახტანგ ბატონიშვილისათვის მიუცია, შემდგომში დროებით უკან გამოურთმევია და მის მაგივრად უწყალობებია სოფელი ვირშა მონასტრითა და შეწირული ყმა-მამულით. ნიკოლაოზ კათალიკოსის 1578 წლის გაცვლილობის წიგნის მიხედვით, ვახტანგ ბატონიშვილს სოფელში დიდი სამუშაოები ჩაუტარებია: აუგია ეკლესია, ციხე-სიმაგრე, სხვადასხვა სახის სამეურნეო ნაგებობები. გარკვეული დროით დომენტი კათოლიკოსს ვახტანგისთვის ყურისუბანი პატარა ლიახვის ხეობის რამდენიმე სოფელზე (ქორდი, ზაკუ, სათიხარი) გაუცვლია, მაგრამ, როგორც 1595 წლით დათარიღებული სააღაპე წიგნიდან ჩანს, ბოლოს ეს სოფელი კვლავ ვახტანგისთვის დაუბრუნებია.[2] შემდგომში ყურისუბანი სამუხრანბატონოს ნაწილი იყო, XIX საუკუნიდან — დუშეთის მაზრის.

რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში, 1905 წლის 20 მარტს ერედის ცენტრში შეიკრიბა ერედისა და ახლომახლო სოფლების (ძალისი, მჭადიჯვარი, წილკანი, გრემისხევი, ბაზალეთი, ჭილურტი, ებნისი) გლეხკაცობა და თავადაზნაურობა (6000-მდე კაცი). გლეხებმა მოითხოვეს მათთვის „ნადელების“ უსასყიდლოდ გადაცემა, ე. წ. „ჩამონაჭრების“ დაბრუნება, ტყითა და საძოვრებით სარგებლობის უფლება, ხოლო უმიწაწყლო გლეხებისათვის სამყოფი მიწის გამოყოფა. მათ წამოაყენეს, აგრეთვე პოლიტიკური მოთხოვნები: არსებული წყობილების დამხობა, დამფუძნებელი კრების მოწვევა, კრების, სიტყვის, სარწმუნოების, განათლების თავისუფლება, ძველი არმიის გაუქმება.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 510 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 565[3]
2014 510

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ხიდურელი, ზ., ფეოდალური მიწათმფლობელობა XV-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1989. — გვ. 67-68.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.