ვაკის პარკი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკის პარკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ვაკის პარკი

ხედი ილია ჭავჭავაძის გამზირიდან
მდებარეობა
41°42′32″ ჩ. გ. 44°45′05″ ა. გ. / 41.70889° ჩ. გ. 44.75139° ა. გ. / 41.70889; 44.75139
ქვეყანა საქართველო
რაიონი ვაკის რაიონი
ქალაქი თბილისი
ძირითადი ინფორმაცია
დაარსების წელი 1946[1]
ტიპი პარკი
ფართობი 200 ჰექტარი
ვაკის პარკი — თბილისი
ვაკის პარკი

ვაკის პარკი — რეკრეაციული პარკი თბილისში, ვაკეში. პარკის მშენებლობა დაიწყო 1947 წელს, გაიხსნა 1951 წლის 1 მაისს.[2]

ვაკის პარკი გაშენებულია თრიალეთის ქედის მოშიშვლებულ ფერდობზე. მანამდე ამ ტერიტორიაზე იყო თბილისის პლანეროდრომი, რომელიც 1935 წელს მოეწყო საქართველოს სსრ თავდაცვა-ავიაქიმის თაოსნობით. აქ იმართებოდა საპლანერო ფრენები და სხვადასხვა სპორტული ღონისძიება.[3][4]

პარკის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტის ავტორია ქუჩუ დგებუაძე, დენდროლოგი ნელი ციციშვილი. 1946–1981 წლებში ვაკის პარკის გამწვანება-განაშენიანებას ხელმძღვანელობდა აგრონომ-დეკორატორი გ. მრულიშვილი. 1957–1992 წლებში პარკს ერქვა გამარჯვების პარკი. 2011–2014 წლებში ჩატარდა ვაკის პარკის მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ვაკის პარკი გამწვანებულია წიწვოვანი, ფოთლოვანი და მარადმწვანე ხე-მცენარეებით. პარკი ჩრდილოეთის მხრიდან ფართო კიბის მარშებით უკავშირდება ვაკის მთავარ სატრანსპორტო არტერიას — ილია ჭავჭავაძის გამზირს. ცენტრალურ ღერძზე განლაგებულია პარკის მთავარი არქიტექტურული კომპლექსი „დიდების მემორიალი“ — შადრევნების კასკადი, „უცნობი ჯარისკაცის საფლავი“, ქალის ფიგურა — გამარჯვების სიმბოლო (1981, მოქანდაკე გიორგი ოჩიაური, არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, ოთარ ლითანიშვილი). დიდების მემორიალის ქანდაკებათა ანსამბლი ნაწილობრივ განადგურებულია ან/და გადატანილია სხვა ადგილას. ვაკის პარკში არის საბავშვო ატრაქციონები, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული. სამხრეთ-დასავლეთით პარკს ემიჯნება მიხეილ მესხის სტადიონი.[5]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. თბილისის პარკები — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
  2. გაზ. „კომუნისტი“, 1951, № 102. — გვ. 3.
  3. გაზ. „კომუნისტი“, 1935, № 81. — გვ. 4.
  4. გაზ. „კომუნისტი“, 1935, № 111. — გვ. 4.
  5. ვაკის პარკი თბილისის ოფიციალური საიტის გზამკლვევში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-30. ციტირების თარიღი: 2009-11-08.