ზღვის დინებები

ზღვის დინებების რუკა (1911)
ზღვის დინებები

ზღვის დინებები (ოკეანის დინებები) — წინსვლითი მოძრაობა ზღვებსა და ოკეანეებში. ოკეანის ზედაპირზე ისინი ფართო ზოლად ვრცელდება. ზღვის დინებებს იწვევს ზღვის ზედაპირზე მოძრავ ჰაერსა და წყალს შორის არსებული ხახუნის ძალა, წყალში წარმოქმნილი წნევის გრადიენტები და მთვარისა და მზის მიერ გამოწვეული მოქცევის ძალები.

დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის ძალა, რის გამოც დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრებიან მარჯვნივ, სამხრეთ ნახევრარსფეროში — მარცხნივ.

ზღვებისა და ოკეანეების წყლის ზედაპირული შრის მოძრაობის ძირითადი სახეა ქარისმიერი დინება. აღსანიშნავია აგრეთვე ჩამონადენისმიერი დინება და კომპენსაციური დინება. განლაგების მიხედვით განარჩევენ: ზედაპირულ, სიღრმით, ფსკერულ და სხვ. დინებებს; ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით კი — თბილ, ცივ, მლაშე და გამტკნარებულ დინებებს.

დინება შეიძლება იყოს აგრეთვე მუდმივი, დროებითი და პერიოდული (მოქცევა-მიქცევით გამოწვეული). ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ზღვის დინებები მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. მაგალითად: გოლფსტრიმი ერთდოულად ქარისმიერი, ჩამონადენისმიერი და კომპენსაციური დინებაცაა.

პირველი მითითებები ზღვის დინებების შესახებ გვხვდება ძველი ბერძენი მეცნიერების შრომებში. არისტოტელე მეტად გასაგებად საუბრობდა ქერჩის, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში არსებულ ზღვის დინებებზე. მისი მოწაფე თეოფრასტე მოიხსენიებს იგივე დინებებს გიბრალტარის სრუტეში.

შუა საუკუნეებში (XI, XII, XIII სს.) ნორვეგიელებმა გახსნეს საზღვაო გზა, რომელიც ჩრდილოეთ ევროპიდან გადიოდა ისლანდიაში, შემდეგ გრენლანდიაში და აქედან ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ ზღვაოსნობაში ნორმანდიელები გაეცნენ ზღვის დინებებს, რაც ჩანს იმ სახელწოდებიდან, რომლებსაც ისინი აკუთვნებდნენ გზაში შემხვედრ ადგილებს, მაგალითად: დინების ყურე (Straumfords), დინების კონცხი (Straumnass) და სხვ.

არაბები, რომლებიც დიდი ძალისხმევით დაცურავდნენ ინდოეთის ოკეანეში, კარგად იცნობდნენ მუსონურ დინებებს. არაბები თავიანთი ნაოსნობით აღწევდნენ აფრიკის სამხრეთ სანაპიროებს; ისინი აქ ეცნობიან მოზამბიკის სრუტეში არსებულ დინებებს.

XV საუკუნის შუა წლებში პორტუგალიელები და ისლანდიელები უეჭველ ცნობებს ფლობდნენ ოკეანური დინებების შესახებ. მსოფლიოში არსებობს მრავალი ოკეანური დინება, რომელთაგან აღსანიშნავია გოლფსტრიმი, კუროსიო და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა