კურსები
სოფელი | |
---|---|
კურსები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
თემი | კურსები |
კოორდინატები | 42°18′25″ ჩ. გ. 42°46′17″ ა. გ. / 42.30694° ჩ. გ. 42.77139° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 350 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1603[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
კურსები — სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გელათი, მოწამეთა). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ტყიბულიდან 24 კმ-ით და სოფელი გელათიდან 5 კმ-ით არის დაცილებული. იგი სამკურნალო გოგირდის წყლითა და სამშენებლო ქვა-ტეშენით არის ცნობილი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
ისტორია
სოფელში ადამიანის ცხოვრების კვალი ჩანს ანტიკური ხანიდან. წერილობით წყაროებში კურსები XV საუკუნიდან იხსენიება. კურსებიდან იყვნენ ცნობილი ქართველი მშენებელი ოსტატები ბერეკაშვილები, რომლებმაც XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რამდენიმე ეკლესია ააშენეს დასავლეთ საქართველოში.
რუსეთის იმპერიის დროს კურსების სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები კურსები, გელათი, მოწამეთა, კოკა, ნაბოსლევი და ოხომირა.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1603 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1652 | 782 | 870 |
2014[1] | 1603 | 803 | 800 |
ეკონომიკა
სოფელში მოიპოვება ტეშენიტი და მუშაობს მოსაპირკეთებელი ფილების დამამზადებელი ქარხანა. ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია. სოფელში გადის ქუთაისი-ტყიბულის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.
კურორტი
კურსები ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 21,5 °C). ნალექები 1700 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის მინერალური წყალი, რომლის ძირითადი კომპონენტებია მცირე რაოდენობით გოგირდწყალბადი, ჰიდროკარბონატის, ნატრიუმის, კალციუმის და მაგნიუმის იონები. დებიტი 6 ათასი ლიტრი/დღე-ღამეში. ტემპერატურა 16 °C. იყენებენ აბაზანებისათვის. ჩვენება: სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე.
ღირსშესანიშნაობები
სოფელში სამი კოშკი და ხუთი ეკლესია შემორჩა, რომელთაგან ორი ნანგრევებად არის ქცეული.
- ყველაზე ძველი ზენობნის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაა ამ ეკლესიიდან არის ამჟამად ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული XVII საუკუნის საწინამძღვრო ჯვარი, რომლის წარწერაში „კურსების ქვეყანა“ იხსენიება.
- კურსების დედაღვთისას მონასტერი
- კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია
- კურსების პეტრე-პავლობის ეკლესია
- კურსების საკვირაო ეკლესია .
- კურსების ნაციხარი
- კურსების ბერეკაშვილების კოშკი
- კურსების დედაღვთისას ნაეკლესიარი
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 84.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ღლონტი თ., „ერობა საქართველოში“, ტფ.: „შრომა“, 1915. — გვ. 82.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|