მომოტისებრნი (ლათ.Momotidae) — ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგისა. მოიცავს 6 გვარს (Momotus, Aspatha, Barypthengus, Electron, Eumomota, Hylomanes) და 14 სახეობას,[1] რომლებიც გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ტანად საშუალო და პატარა ფრინველებია (სიგრძე 17-47 სმ, მასა 50-400 გ). ბუდობენ ნაკადულების, ხრამების ნაპირებზე. დედალი 3-4 კვერცხს დებს, კრუხობს ორივე მშობელი 21-22 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, ხილით.