ოტო I დიდი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოტო I.
ოტო I დიდი

ოტო I დიდი (გერმ. Otto I. der Große; დ. 23 ნოემბერი, 912, ვალჰაუზენი, საქსონია-ანჰალტი — გ. 7 მაისი, 973, მემლებენი, საქსონია-ანჰალტი) — საქსონიის ჰერცოგი, აღმოსავლეთ ფრანკების მეფე 936 წლიდან და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 962 წლიდან. ჰაინრიხ I-ისა და მისი მეუღლე მატილდა ვესტფალიელის შვილი.

თავისის საშინაო პოლიტიკით განამტკიცა ადრეფეოდალური გერმანული სახელმწიფო. ჰერცოგთა სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეყრდნობოდა სამღვდელოებას, რომელსაც ფართო იმუნიტეტურ პრივილეგიებს ანიჭებდა.

ახორციელებდა დაპყრობით პოლიტიკას აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით. განაგრძო პოლაბების მიწა-წყლის დაპყრობა. მათ გასაქრისტიანებლად დააარსა მაგდებურგის საარქიეპისკოპოსო (968 წელი). 951 წელს დაიმორჩილა ლომბარდია. 955 წელს ლეხის ველზე (აუგსბურგთან) დამარცხა უნგრელები. 961 წელს რომის პაპის იოანე XII-ის დახმარების საბაბით გაილაშქრა რომზე და 962 წლის 2 თებერვალს პაპმა იმპერატორად აკურთხა. ამით დასაბამი მიეცა საღვთო რომის იმპერიას. 967-971 წლებში ოტო I ცდილობდა სამხრეთ იტალიის დაპყრობას, მაგრამ ვერ შეძლო. ფაქტობრივად ოტო I-მა სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა პაპები და ისინი თავისი პოლიტიკის იარაღად აქცია. თანამედროვენი ოტო I-ს დიდს უწოდებენ.

დაკრძალულია გერმანიაში, მაგდებურგის სანქტ-მაურიციუსის კათედრალში.

ოჯახი

ოტო და ადელაიდა ბურგუნდიელი

ჰყავდა ორი მეუღლე, 929 წლიდან ედით ინგლისელი, უესექსის ანგლო-საქსი მეფის ედუარდ უფროსის ასული და 951 წლიდან ადელჰაიდ ბურგუნდიელი, ზემო ბურგუნდიის მეფის რუდოლფ II-ის ასული და იტალიის მეფის ლოთარ II-ის ქვრივი.

შვილები:

  • ვილჰელმი, მაინცის არქიეპისკოპოსი (954-968) და იმპერიის ერცკანცლერი (956-968). (დ. 929 – გ. 2 მარტი 968, როტლებეროდე) — სავარაუდოდ შეეძინა სახელით უცნობი სლავი ტყვე ქალისაგან ქორწინების გარეშე.
  • ლიუდოლფი, შვაბიის ჰერცოგი (დ. 930, მაგდებურგი — გ. 6 სექტემბერი 957, პომბია, იტალია) - ედითა ინგლისელთან
  • ლიუდგარდი, ლოთარინგიის ჰერცოგის კონრად წითურის მეუღლე (დ. დაახ. 931 – გ. 18 ნოემბერი 953) — ედითა ინგლისელთან
  • ჰაინრიხი (დ. 953 – გ. 7 აპრილი 954) — ადელაიდა ბურგუნდიელთან
  • ბრუნო (დ. 954 – გ. 8 სექტემბერი 957) — ადელაიდა ბურგუნდიელთან
  • მათილდე ქუედლინბურგელი, ქუედლინბურგის მონასტრის აბატესა 966 წლიდან, იმპერიის რეგენტი ოტო III-ის დროს (დ. თებერვალი 955 – გ. 7 თებერვალი 999, ქუედლინბურგი) — ადელაიდა ბურგუნდიელთან
  • ოტო II, იმპერატორი (დ. 955 – გ. 7 დეკემბერი 983, რომი) — ადელაიდა ბურგუნდიელთან

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: