სიბრძნის სახლი
სიბრძნის სახლი (არაბ. بيت الحكمة - ბაიტ ალ-ჰიკმა) — ისლამური აკადემია, რომელიც 820-იან წლებში ბაღდადში ხალიფა ალ-მამუნმა დააარსა. აკადემიის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იყო მუთაზილიტური სწავლების მხარდაჭერა. ამისათვის კი თეოლოგიური დებატებისთვის მდიდარი ფილოსოფიური მასალის შეგროვება იყო საჭირო. აკადემიაში თავი მოიყარეს გამოჩენილმა მეცნიერებმა ხალიფატის სხვადასხვა კუთხიდან, განსაკუთრებით შუა აზიიდან და ირანიდან. დაწესებულებას ხელმძღვანელობდა საჰლ იბნ ჰარუნი.
აკადემიის ნაწილი იყო ხიზანატ ალ-ჰიკმა - მდიდარი ბიბლიოთეკა. ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობა ინდური და ბერძნული სამეცნიერო ნაშრომების არაბულად თარგმნა ასტრონომიის, მათემატიკის, მედიცინის, ალქიმიისა და ფილოსოფიის დარგებში იყო. ალ-მამუნმა ძველი ბერძნული ხელნაწერების მოსაპოვებლად ბიზანტიის იმპერატორ ლეონ V-თან საგანგებო ელჩობა გაგზავნა.
მთავარ მთარგმნელად ოთხენოვანი ნესტორიანელი მეცნიერი ჰუნაინ იბნ ისჰაკი დაინიშნა. ლეგენდის თანახმად, მას ოქროთი უხდიდნენ - იმდენს, რამდენიც თარგმნილი ნაშრომები იწონიდა. მან პლატონის, არისტოტელეს და მათი კომენტატორების ნაშრომები, ასევე სამი დიდი ბერძენი მედიკოსის - ჰიპოკრატეს, გალენოსისა და დიოსკორიდესის შრომები არაბულად თარგმნა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ასტრონომიულ კვლევებს ენიჭებოდა. 829 წელს ბაღდადის გარეუბან შამასიაში ობსერვატორია აშენდა. 827 წელს სინჯართან ახლოს ჩატარდა მნიშვნელოვანი გეოდეზიური გაზომვები - დედამიწის მერიდიანის 1° რკალის სიგრძის დასადგენად. მიზანი იყო ერატოსთენეს მიერ გამოთვლილი დედამიწის ზომების გადამოწმება, რადგან ძველი ბერძნული და არაბული საზომი ერთეულების შესაბამისობა უცნობი იყო. არაბი მეცნიერების გაზომვა თანამედროვე მონაცემებისგან მხოლოდ 1%-ით განსხვავდება.
სიბრძნის სახლში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ალ-ხორეზმი, იბნ თურქი, ალ-ფარღანი, ალ-ჯავაჰარი, ჰაბაშ ალ-ხასიბი, ალ-კინდი, ბანუ მუსას ძმები, ალ-მაჰანი, საბით იბნ კურა, კუსტა იბნ ლუკა, ან-ნასრანი, ალ-აჰვაზი, აბუ-ლ-ვაფა და ალ-კუჰი.
1258 წლის 12 თებერვალს მონღოლთა ჰულაგუ-ხანის ჯარებმა ბაღდადი აიღეს. სიბრძნის სახლი განადგურდა, ხოლო მისი უნიკალური წიგნები მდინარე ტიგროსში ჩაყარეს.
რესურსები ინტერნეტში
- Greek Thought, Arabic Culture: The Graeco-Arabic Translation Movemeნტ
- Ekmeleddin Ihsanoğlu, Abbasid House of Wisdom
- Jonathan Lyons, The House of Wisdom: How the Arabs Transformed Western Civilisation (2010)
- How the Arabs Transformed Western Civilization
გამოყენებული ლიტერატურა
- Матвиевская Г. П. Учение о числе на средневековом Ближнем и Среднем Востоке. Ташкент: Фан, 1967.
- Al-Khalili, Jim (2011). The House of Wisdom: How Arabic Science Saved Ancient Knowledge and Gave Us the Renaissance. New York: Penguin Press. ISBN 978-1594202797.
- Le Bayt Al-Hikma de Baghdad, par M.-G. Balty-Guesdon, in Arabica Revue d´études Arabes, tome XXXIX 1992 p.131 pp.