სტივენ ჰარდუეი მორისი (დ. სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი, 13 მაისი, 1950),[3], უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით სტივი უანდერი (ინგლ.Stevie Wonder) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. ვუნდერკინდი სტივი ითვლება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის კრიტიკოსების მიერ აღიარებულ და კომერციულად წარმატებულ ერთ-ერთ მუსიკოსად.[4] მისი კარიერა დაიწყო 11 წლის ასაკში, როდესაც Motown-ის ლეიბლ Tamla-სთან კონტრაქტი გააფორმა[4]. უანდერი სახელი Motown-ს დღემდე უკავშირდება. მუსიკოსი დაბადებიდან მცირე პერიოდის შემდეგ სამუდამოდ დაბრმავდა.[5]
სტივის ცნობილ და პოპულარულ სინგლებს შორის არის „Signed, Sealed, Delivered I'm Yours“, „Superstition“, „Sir Duke“, „You Are the Sunshine of My Life“ და „I Just Called to Say I Love You“, ხოლო ალბომებიდან ყველაზე ცნობილია Talking Book, Innervisions და Songs in the Key of Life.[4] მის მიერ ჩაწერილი სიმღერებიდან 30-ზე მეტი აშშ-ის ჩარტების ათეულში მოხვდა და მიიღო 25 გრემი. მსოფლიოში გაყიდულია უანდერის 100 მილიონზე მეტი დისკი, რითაც იგი 60 ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის სიაშიც შედის.[6] სტივი აგრეთვე ცნობილია, როგორც პოლიტიკური აქტივისტი. იგი მონაწილეობდა 1980 წლის კამპანიაში, რომლის ინიციატორებიც ითხოვდნენ, მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს მინიჭებოდა დღესასწაულის სტატუსი.[7]
2009 წელს სტივი გახდა გაერთიანებული ერების მშვიდობის დესპანი.[8] 2013 წელს „ბილბორდმა“ დაბეჭდა ყველა დროის შემსრულებლების საიუბილეო ასეული, რომელშიც უანდერი მეექვსე ადგილს იკავებდა[9].