ჩანის ტბა
ჩანის ტბა | |
---|---|
ჩანის ტბა კოსმოსიდან | |
კოორდინატები: 54°50′00″ ჩ. გ. 77°40′00″ ა. გ. / 54.83333° ჩ. გ. 77.66667° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ნოვოსიბირსკის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 106 მ |
სიგრძე | 91 კმ |
სიგანე | 88 კმ |
ფართობი | 1708-2269 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ჩულიმი კარგატი |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ჩანი, დიდი ჩანი (რუს. Чаны) — გაუდინარი მარილიანი ტბა რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში. გაწოლილია ბარაბის დაბლობზე, ზღვის დონიდან 106 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1708-2269 კმ². წარმოადგენს დასავლეთ ციმბირის უდიდეს ტბას. სიგრძე 91 კმ, სიგანე 88 კმ. სარკის ფართობი იცვლება დონეების სეზონური და წლიური რყევის შესაბამისად. საშუალო სიღრმე 2,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 10 მ. ნაპირები ძლიერაა შეჭრილ-შემოჭრილი, გარშემორტყმულია ლერწმით.[1]
ტბაში დაახლოებით 70 კუნძულია,[2] რომლებიც გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ბევრია ყურე და ნახევარკუნული. ჩანის ტბა ფშანით უკავშირდება პატარა ჩანის ტბას. საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. ტბისთვის ნიშანდობლივია ჰიდროლოგიური პულსაციები. დონე მერყეობს დაახლოებით 3 მ-ის ფარგლებში.[1]
ერთვის ორი მთავარი მდინარე: ჩულიმი და კარგატი. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის წყლები გამტკნარებულია ჩამდინარე მდინარეების ჩამონადენით. დაახლოებით ყოველ 30-35 წელიწადში ერთხელ წყლის დონე მატულობს იმდენად, რომ ტბა ჩამონადენს დასავლეთიდან ღებულობს.[1]
იყინება ოქტომბრის II ნახევარსა და ნოემბრის I ნახევარში, ყინულისგან თავისუფლდება მაისში. წყალი მარილიანია, ქლორიდულ-ნატრიუმიანი. მინერალიზაცია ზაფხულის პერიოდში 0,8-იდან 14 გრ/ლ-მდე, ხოლო ზამთრის პერიოდში მატულობს 5-20 გრ/ლ-მდე. განვითარებულია ადგილობრივი ნაოსნობა. მდიდარია თევზით, მოიპოვება: ციმბირული ნაფოტა, წერი, ქორჭილა, კარჩხანა, კობრი. ტბის დიდი ნაწილი განლაგებულია ტყე-სტეპის ბუნებრივ ზონაში.[1]