Million Reasons (ქართ.მილიონი მიზეზი) — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სიმღერა მისი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Joanne (2016). თავდაპირველად გამოიცა როგორც ალბომის პრომო სინგლი, კომერციული წარმატების შემდგომ კი 2016 წლის 8 ნოემბერს გამოიცა როგორც ალბომის მეორე სინგლი ლეიბზე Interscope Records. სიმღერის ავტორები არიან თავად გაგა, ჰილარი ლინდზი და მარკ რონსონი, ხოლო მისი პროდიუსერები არიან გაგა, რონსონი და BloodPop. ჩანაწერი არის პოპის ჟანრის სიმღერა რომელზეც იგრძნობა ქანთრი მუსიკის გავლენა, ლირიკულად კი სიმღერა ეხება სასიყვარულო ურთიერთობის იმედგაცრუებას და რწმენას.
სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას ვოკალი. კომერციული თვალსაზრისით, სიმღერამ აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-4 პოზიცია, ასევე შევიდა უნგრეთის, სლოვაკეთის და შვეიცარიის ათეულებში. გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა მინი ტურნეზე — Dive Bar Tour (2016) და რამდენიმე სატელევიზიო და რადიო შოუში, გაგამ ასევე სიმღერა შეასრულა სუპერ-ბოულ LI-ის შუალედურ შოუზე.