მატობოს ეროვნული პარკი
მატობოს ბორცვები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ზიმბაბვე |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, v, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 20°33′00″ ს. გ. 28°30′29″ ა. გ. / 20.55000° ს. გ. 28.50806° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 306 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 306 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მატობოს ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი სამხრეთ ზიმბაბვეში. მდებარეობს მატობოს ბორცვების შუაგულში - გრანიტის გორაკებიან და ხეებით დაფარულ ხეობაში, რომელიც ქალაქ ბულავაიოდან 35 კმ-ით სამხრეთით იწყება. გრანიტის ბორცვები 2 000 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა. ისინი დაფარულია რიყის ქვებითა და სხვადასხვა მცენარეულობით. მიზილიკაზმა, ნდებელის ხალხის ფუძემდებელმა ამ ტერიტორიას „მელოტი თავები" უწოდა.
ბორცვები 3100 კმ² ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგან 424 კმ² ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული, დანარჩენი ტერიტორია კი კომუნალურ მიწას წარმოადგენს, მცირე რაოდენობით გვხვდება ფერმერული მეურნეობებიც. პარკი მოიცავს ულამაზეს პეიზაჟებს - წარმტაც ბალანსს კლდეებსა და შთამბეჭდავ ხედებს ტჰულის, მტშელელეს, მალემეს და მპოპომას მდინარეების ხეობების გასწვრივ. პარკის ტერიტორიის 100 კმ² სპორტული ნადირობის ტერიტორიას წარმოადგენს, ამ ნაწილში გავრცელებულია თეთრი და შავი მარტორქები. გორაკების უმაღლესი მწვერვალი (1549 მ) პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს და მას გულატის უწოდებენ.
მატობო უძველესი ეროვნული პარკია ზიმბაბვეში, ის 1926 წელს შეიქმნა. ტერიტორია გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. აღრიცხულია 200 სახეობის ხე, მათ შორის აკაცია, ველური მსხალი, ქაღალდის ხე.[1] ასევე მრავალნაირი ალოე და ბალახის ასზე მეტი სახეობა.[2]
პარკი ასევე გამოირჩევა ფაუნის მრავალფეროვნებით. გავრცელებულია 175 სახეობის ფრინველი, 88 სახეობის ძუძუმწოვარი, 39 გველი და 16 სახეობის თევზი.[3]
2003 წლიდან, მატობოს ბორცვები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. როგორც მას იუნესკო აღწერს, „ტერიტორია წარმოსახავს გრანიტის საფარზე აღმართულ რელიეფის განსხვავებულ ფორმებს, რომელთაც ზიმბაბვეს ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავთ".[4]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Parks and Wildlife Management Authority
- An Introduction to the Matopo National Park[მკვდარი ბმული]
- Matobo National Park in Pictures
- Matobo Conservation Society
- Camp Amalinda დაარქივებული 2015-11-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ Zimbabwe - The Spirit of Matobo (Matopos) Siyabona Africa დაარქივებული 2012-02-09 საიტზე Wayback Machine.
- ↑ National Parks of Zimbabwe. Travel Africa Magazine Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 2011-06-28.
- ↑ Round-table meeting on research needs in aquaculture and culture-based fisheries in Zimbabwe, 1991, FAO document repository.
- ↑ UNESCO World Heritage Centre: Matobo Hills
|
|