ჰოლშტინური ჯიში
ჰოლშტინური ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლის სარძევე მიმართულების ჯიში. ხასიათდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი მერძეულობით.[1]
გამოყვანილია XIX საუკუნის მე-2 ნახევარში აშშ-სა და კანადაში ჰოლანდიური და გერმანული საქონლის რძის პროდუქტიულობის ზრდისკენ მიმართული სელექციის გზით. ჰოლშტინური და ფრიზიული საქონლის მექარხნეთა ასოციაციების შერწყმის შემდეგ (1885) ეწოდა ჰოლშტინ-ფრიზიული. თანამედროვე სახელი 1983 წლიდან ეწოდება. მთავარი სარძევე ჯიშია აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, იტალიაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.
ძირითადად შავ-ჭრელი ფერისაა, აქვს ლაქების ფორმების, ზომებისა და განლაგების მრავალი ვარიაცია; აგრეთვე არსებობს წითელ-ჭრელი პოპულაცია.[2][3] ექსტერიერით ტიპური სარძევე მიმართულების ცხოველია — თავი მსუბუქი, კისერი საშუალო სიგრძის და შედარებით წვრილი, მკერდი საშუალო სიღრმისა და განიერი; სხეულის უკანა მესამედი გრძელი და ფართო, ძვლეული წვრილი, კანი თხელი და დაფარულია ხშირი, მოკლე და ბზინვარე ბალანით; კისერზე კანი დანაოჭებულია, კიდურები და ჩლიქები მაგარი, ცური მოცულობიანი, უპირატესად ჯამისებრი ფორმის, კერტები უმეტესად ცილინდრული ფორმის.[3]
ფურის სიმაღლე მინდაოში 142–145 სმ, კუროსი 160–165 სმ.[3][4] ცოცხალი მასა 650–700 კგ და 1100–1200 კგ შესაბამისად; ახალშობილი ხბოს მასა 30–35 კგ შეადგენს.[3][4] იწველის 6–12 ათ. კგ რძეს, ცხიმიანობა 3,6–3,7%,[1] ცილის შემცველობა 3,1%.[3] ჰოლშტინურ ჯიშს ეკუთვნის ლაქტაციური მონაწველის მიხედვით რძის ცხიმის გამოსავლის რეკორდი[4] — 1052 კგ (მონაწველი 27674,2 კგ; ცხიმიანობა 3,8%). წითელ-ჭრელი ჰოლშტინები ნაკლები მონაწველით, მაგრამ რძის მაღალი ცხომიანობით ხასიათდება (3,95–4,2%).[1] ჰოლშტინური ჯიშის კუროებს ხშირად იყენებენ არსებული ჯიშების გაუმჯობესებასა და ახლების გამოყვანაში.
საქართველოში ჰოლშტინური ჯიშის წითელ-ჭრელი ინდივიდები შემოყვანილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში,[1] აგრეთვე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის კოოპერატივ „ტყირში“, საიდანაც გავრცელდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.[3][4]
ლიტერატურა
- Щеглов Е. В. ГОЛШТИНСКАЯ ПОРОДА დაარქივებული 2019-06-26 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 7. Москва, 2007, стр. 366.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰოლშტინური ჯიში“ ვიკისაწყობში.
- ჰოლშტინური ჯიში — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ბასილაძე, დ., ქილიფთარი ც., კობახიძე მ., ფურის სარძეო პროდუქტიულობის გადიდების გზები ფერმერულ მეურნეობებში, გვ. 10, თბ., 2017.
- ↑ Большая российская энциклопедия. Том 7. стр. 366.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 ძროხის ჰოლშტინური ჯიში – სარძეო მიმართულება. agrokavkaz.ge (19 სექტემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2019.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-შენახვა, გვ. 69.