წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისა და გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ.
სიმონ ჯანაშიას მიხედვით „წენი“ ანუ „წანი“ იყო ერთ-ერთი ტომთაგანი ჭანური-მეგრული განშტოებისა და არა საკუთრივ სანები. სწორედ ამ „წანი“ ტომისაგან მიიღო თავისი სახელწოდება ამ ადგილმა და იმ ციხემ (ჯიხამ), რომელიც მათ ეკუთვნოდათ (წენ-დიხა) და იმ მდინარემაც, რომელიც ციხეს ჩაუდიოდა (წენ-წყალი).
ისტორია
X-XI საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი იყო, რაც დასტურდება წალენჯიხის საკათედრო ტაძარის მშენებლობით. დროთა განმავლობაში წალენჯიხის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა ისე, რომ XIII-XIV საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთ-ერთ რეზიდენციად იქცა. დადიანებს აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და საგვარეულო სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ზრდამ გამოიწვია XIV საუკუნეშივეოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანა წალენჯიხაში, რამაც ხელი შეუწყო კულტურული და ეკონომიკური საქმიანობის აღმავლობას.
რუსეთის იმპერიის დროს წალენჯიხა იყო ზუგდიდის მაზრის ერთ–ერთი საბოქაულოს ცენტრი. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხა იქცა ჩაის გადამუშავების ერთ-ერთ ცენტრად, რამაც ხელი შეუწყო დასახლების ურბანიზაციას. მოქმედებდა ჩაის ექვსი ფაბრიკა. 1964 წელს წალენჯიხამ მიიღო ქალაქის სტატუსი. დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთი ფაბრიკა, სადაც 300-მდე ადამიანი მუშაობს.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3847 ადამიანი.