ხარაგაული

დაბა
ხარაგაული

ხარაგაულის ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°01′00″ ჩ. გ. 43°12′00″ ა. გ. / 42.01667° ჩ. გ. 43.20000° ა. გ. / 42.01667; 43.20000
დაარსდა 1870
ადრეული სახელები ბელაგორი (XIX საუკუნე)
ხარაგაული (1949 წლამდე)
ორჯონიკიძე (1949-1989)
ამჟამინდელი სტატუსი 1944
ფართობი 2,04 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1965[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 433[2]
საფოსტო ინდექსი 5600[3]
ოფიციალური საიტი https://kharagaulinews.gov.ge/
ხარაგაული — საქართველო
ხარაგაული
ხარაგაული — იმერეთის მხარე
ხარაგაული

ხარაგაული (დაბა ორჯონიკიძე — 1949-1989 წლებში) — დაბა საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია

ხარაგაული მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე, ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280―400 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 198 კილომეტრით (რკინიგზით 160 კმ).

ხარაგაულში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, იცის ზომერიად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,2 °C, იანვარში 3,2 °C, ივლისში 22,6 °C, აბსოლუტური მინიმუმია -22 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 1360 მმ წელიწადში.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1965 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 3119 -- --
2002[4] 2880 -- --
2014[1] 1965 879 1086

ისტორია

ხარაგაულის მახლობლად ხელი მოეწერა ელაზნაურის შეთანხმებასა და გაიმართა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის ყველაზე დიდი ბრძოლა სოლომონ II-ის ჯარებსა და რუსეთის იმპერიის ჯარებს შორის ჩხერის ციხის მახლობლად.

ხარაგაული ჩაისახა როგორც რკინიგზის სადგური XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით და შეიძინა ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომ სამეურნეო ფუნქცია. ერქვა ბელაგორი, შემდეგ მიიღო სახელი ხარაგაული. იყო თემის ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები საკუთრივ ხარაგაული, პატარა ხარაგაული, ჯაფარაული, ჩხერი, თეთრაწყარო.

1906 წლის იანვარში რუსეთის რევოლუციის დროს მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციამ გადაწვა დასახლების ცენტრი და 30 მაღაზია.[5]

დაბის სტატუსი მიიღო 1944 წელს. 1949 წლის 21 ივლისიდან ეწოდა დაბა ორჯონიკიძე[6]. 1976 წელს მოსახლეობა შეადგენდა 3,2 ათას ადამიანს. 1989 წელს დაუბრუნდა სახელი ხარაგაული.

ეკონომიკა

ხარაგაულში მოქმედებდა ყველ-კარაქის, ღვინისა და ხილ-კენკრული ღვინის ქარხნები. დაბაში არის კულტურისა და დასვენების პარკი, საჯარო სკოლა, 2 საბავშვო ბაღი, მოსწავლეთა სახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, პოლიციის განყოფილება, ავტოსატრანსპორტო საწარმო, არქივი, კინოთეატრი. ხარაგაულში გადის რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი და არის რკინიგზის სადგური.

სპორტი

ხარაგაულში არის საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“, რომელიც დაარსდა 1983 წელს. 2010 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რაც გუნდისთვის თავისი ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგია. „ჩხერიმელას“ საშინაო არენაა ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი.

ღირსშესანიშნაობები

ხარაგაულში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლი კახორი. დაბაში მდებარეობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1978 წელს.

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  5. Каландадзе, Варл. Мхеидзе, Вл., Очерки революционного движения в Гурии, სანქტ-პეტერბურგი: Эпоха, 1906. — გვ. 85.
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-11 (23-24), გვ. 3, თბ., 1949 წ. ISSN 0203-2023