წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წაღვერზე გადის ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზა.
ვახუშტისთან ფიგურირებს „წაღველი“. ფიქრობენ, რომ ეს ისეთივე ტოპონიმია, როგორც წაღვლი (მდებარეობს შიდა ქართლში). მათი პირველსახე წიაღველი უნდა იყოს, რაც ნიშნავს იქითა ანუ გაღმა მდებარე ველს. XIX ს-ის 30-იან წლებში მეფის მთავრობამ პოლტავის გუბერნიიდან გადმოსახლებულთა ნაწილი აქ ჩამოასახლა. წაღვერში ნაპოვნია გვიან ბრინჯაოს ხანის სახელოსნოს ნაშთები.
კურორტი
წაღვერი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მოიპოვება მინერალური წყლები.