სოფელში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა. ხინოს საეპისკოპოსო ცენტრი XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე იყო. XIX საუკუნის 70-იან წლებში ხინოს მოსახლეობა დაახლოებით 300 კომლს შეადგენდა.
ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა სოფლის თავში, მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე, ოთხკუთხა ქვის გალავნის შიგნით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ის გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ის აჭის ეკლესიის მსგავსი იყო, უგუმბათო და 1860-იანი წლების შუაში დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი სალაროთი და ეგვტერით. ტაძარი საბოლოოდ 1919 წელს დაანგრიეს.